სამართალი
16.06.2023 16:40
2020 წლის 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ბრალდებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ სხეულის განზრახ დაზიანების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო

გორში, 2020 წლის 8 ივნისს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ბრალდებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ სხეულის განზრახ დაზიანების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალსწინებს.

კანდელაკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო მხოლოდ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც ძალადობას გულისხმობს და 8 თვით და 25 დღით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული სასჯელი კი კანდელაკს უკვე მოხდილი აქვს, როდესაც წინასწარ პატიმრობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, 8 ივნისს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2020 წლის 12 ივნისს შეუფარდა, თუმცა, კანდელაკის ადვოკატები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ ბრალდების მხარის პოზიციას და აცხადებდნენ, რომ არსებული გარემოებები ცალსახად მეტყველებდა იმაზე, რომ თარაშ კანდელაკს დანაშაული, რაზეც აპელირება ხდებოდა, არ ჩაუდენია.

ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი კი შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ, 2020 წლის 12 სექტემბერს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2021 წლის 5 მარტს, ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, გამოძიების 9 თვიანი ვადის გასვლა გახდა.

გაასაჩივრებს თუ არა რომელიმე მხარე გორის რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კვირის ამბები