ტურიზმი
11.05.2023 15:40
რას წარადგენს გორის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება აქტიურად ემზადება ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის. სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით, „EBIT 2023“ - ზე გორის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამთვალიერებელს.

გორში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების, ღვინის მარნების, მუზეუმებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ამსახველ საინფორმაციო სტენდებთან ერთად, გამოფენილი იქნება ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე გორის ჭიქური კერამიკა. დაინტერესებულ ვიზიტორებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენს და თიხის მასტერკლასს გივი ტატულაშვილი ჩაუტარებს. სოსო მეზვრიშვილი კი, ძველი ქართული მონეტების ასლებს მოჭრის.

„გამოფენას ეყოლება ასობით დამთვალიერებელი, რითაც საშუალება გვეძლევა, პირადად გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები. მათთან შეხვედრა და შემდგომში კონტაქტების დამყარება დიდად უწყობს ხელს ჩვენს რეგიონში მეტი ტურისტის მოზიდვას“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას რობერტ მაღლაკელიძემ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ტურისტული ღონისძიება წელს მეთოთხმეტედ გაიმართება და ტრადიციულად ბათუმი უმასპინძლებს.

„EBIT 2023“ 19 მაისს 11:00 საათზე ბათუმის სპორტის სასახლეში გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში, 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირის ამბები