შემოქმედებითი მარათონის - „ლიტერატურული მესხეთი“-ს გამარჯვებულად დავით ახლოური დასახელდა. „შოთაობის“ ღონისძიებას შოთა რუსთაველის მშობლიურმა სოფელმა რუსთავმა (ასპინძის მუნიციპალიტეტი) უმასპინძლა და მასში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები თანამედროვე ავტორები მონაწილეობდნენ.
„ყველა წარმატებას ხომ თავისი ფასი აქვს, მაგრამ „შოთაობის“ დღესასწაულზე, რუსთაველის მშობლიურ სოფელში, „ლიტერატურული მესხეთის“ კონკურსში გამარჯვებისათვის მიღებულ პირველ პრემიას მაინც ვერაფერი შეედრება... ამ გამარჯვებას ჩემს ქსნის ხეობას ვუძღვნი, ჩემს ქალაქს და გიძღვნით თქვენ ყველას, ვისაც ჩემი სიხარული გაგახარებთ“, _ გვითხრა დავით ახლოურმა.
დავით ახლოური საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლავთ. იგი, ასევე, დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის საიუბილიო მედლითა და საპატიო სიგელით; მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება; არის ასევე წმინდა ილია მართლის, აკაკი წერეთლის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა გელოვანის, ნიკო სამადაშვილის და ახლა უკვე „ლიტერატურული მესხეთის“ პირველი პრემიის ლაურეატი.