სამართალი
02.02.2023 12:54
შსს-ს სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობასა და ოჯახში ძალადობაზე მოდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 33 805 ფაქტი (62.1%) გახსნეს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი - 15 862 შემთხვევა (გაიხსნა 8477) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 4106 (გაიხსნა 3586) და მუქარის 3699 (გაიხსნა 3280) ფაქტი.

ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა, მათ შორისაა განზრახ მკვლელობის 42 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა 68 გახსნეს;

შსს-ს სტატისტიკით, მკვლელობის მცდელობის 74 და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის 47 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა;

2022 წელს, საქართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 რეგისტრირებული შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც გაიხსნა 21;

უწყების სტატისტიკურ მონაცემებში აღრიცხულია 2417 სატრანსპორტო დანაშაული;

ოფიციალური სტატისტიკით, გასული წლის განმავლობაში  გაუპატიურების 176 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც გაიხსნა 123;

რეგისტრირებულია ნარკოტიკული დანაშაულის 5471 ფაქტი, საიდანაც გაიხსნა 5170;

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს სამოხელეო დანაშაულის 577 დანაშაული აღირიცხა, გაიხსნა 162;

აღირიცხა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის 68 შემთხვევა, საიდანაც გაიხსნა 46.

კვირის ამბები