კონფლიქტები
24.11.2022 12:51
სოფელ არცევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ,,ცხელი ხაზი“.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

კვირის ამბები