სპორტი
15.11.2022 11:48
ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, წელს უკვე მეორედ დამსახურებული მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრებები თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზები, თასები, შესაბამისი მედლები და სიგელები გადაეცათ. სპორტსმენებთან ერთად, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების (I საპრიზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.
ტურნირის ორგანიზატორის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრში, 10 წონით კატეგორიაში 2003-2005 წლებში დაბადებული 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. გასული წლისგან განსხვავებით, ტურნირში ქართველებთან ერთად სომეხი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
„ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად გაიმართება.
შეჯიბრება გორის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელს, ნუგზარ სხირელს 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა.
თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი ნუგზარ სხირელი 2021 წელს75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი. მისი აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები“, - აცხადებენ სპორტის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები