კულტურა
11.11.2022 15:15
„გორისძიება“ - ახალგაზრდა ხელოვანები და დიზაინერები გორში პროექტს განახორციელებენ

ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (ვადსი) სტუდენტები გორში პროექტს „გორისძიება“ განახორციელებენ.

ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტში მრავალი ისტორიული და კულტურული ძეგლია (მაგ:. გორის ციხე, გორიჯვარის წმ. გიორგის ეკლესია, ატენის სიონი და უფლისციხე), ქალაქის დამთვალიერებლების და სტუმრებისთვის ის მაინც სტალინის დაბადების ადგილად რჩება. მათი ინტერესის მთავარ პუნქტს სწორედ სტალინის მუზეუმი და მის გარშემო არსებული საბჭოთა პერიოდის ისტორია წარმოადგენს მაშინ, როცა სულ რაღაც 50 მეტრში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი ძნელად მისაგნებია.

„25 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფის მიერ შექმნილი პროექტი „გორისძიება“ ახალგაზრდა ხელოვანების და დიზაინერების მხრიდან ქალაქის განვითარებაში ისტორიის როლის გადაფასების და იმგვარი ახალი „მონუმენტების“ შექმნის მცდელობაა, რომლებიც ადგილობრივების და ტურისტების ინტერესებს სხვა მიმართულებას მისცემს“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ღონისძიება 12 ნოემბერს გაიმართება და პროექტის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად სტუდენტები შექმნიან მანიშნებლებს, რომლებიც მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ, Arthouse-ისკენ და ცნობილი ადგილობრივი კერამიკოსის ტატულაშვილის სახლ-მუზეუმისკენ მიუთითებს.

კვირის ამბები