კულტურა
27.10.2022 13:48
დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად უფროსკლასელთათვის ლიტერატურული კონკურსი ტარდება
მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
„მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით შემოთავაზებული ორი თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი: რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები? ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან
პირველი ესეს წერისას შეგიძლიათ განიხილოთ დავით კლდიაშვილის ერთი ან რამდენიმე მოთხრობა („სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“). ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც მწერალთა სახლი ავრცელებს.

კონკურსის ორგანიზატორთა ინფორმაციით, გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით: I პრემია - 300-ლარიანი, II პრემია - 200-ლარიანი, ხოლო III პრემია - 100-ლარიანი ვაუჩერით. ესეებს შეაფასებს მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური, დაჯილდოება დეკემბერში, მწერალთა სახლში გაიმართება. გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადა 18 ნოემბერია.
დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 593393866 (ნინო ბექიშვილი)
კვირის ამბები