კულტურა
02.10.2019 16:19
ატენის ხეობაში, წეროს ხევის ტაძრის ექსტერიერის რესტავრაცია სრულდება

გორის მუნიციპალიტეტში, ატენიდან 2,5 კმ-ის დაშორებით მდებარე წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერის რესტავრაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. GMnews-ი კომენტარისთვის ნიკოლოზ ანთიძეს დაუკავშირდა.

,,წეროს ხევის ტაძრის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს. სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში, ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ახლადმოჭრილი ქვებით შეიმოსა. „საპერანგე“ მასალა ნიჩბისის საბადოს ერთ-ერთ კარიერზე მოვიპოვეთ და დავამუშავეთ. ამავე წარმოშობის ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. რაც შეეხება გადახურვისთვის საჭირო კონსტრუქციასა და აღნიშნული მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებს, მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე, ქვედა დონის სახურავები ხის ფენილით შეიმოსა და ავთენტური ფორმის კრამიტის მოეწყო. მოკლედ, ძეგლი გადავარჩინეთ და პირვანდელთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით აღვადგინეთ“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა GMnews-თან საუბრისას.

წეროს ხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს. ექსტერიერის რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრის ინტერიერის რესტავრაციის სამუშაოებიც. ეკლესიის ჩამოშლილი და დაზიანებული კანკელი არქიტექტორ-მშენებლებმა ქართული აგურით აღადგინეს და კირხსნარით შელესეს.

წეროს ეკლესიის კომპლექსი, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, წეროს ხევის თავში მდებარეობს. კომპლექსში შედის: ფეოდალური ხანით დათარიღებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, დარბაზული ეკლესია და ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მიშენებული კარიბჭე (რომლის მხოლოდ კედლების ნაწილია შემორჩენილი). ეკლესიის მახლობლად, წყაროსთან კი, ძველი ტერასები და წყალსაცავი ჯებირია მოწყობილი.

კვირის ამბები