რჩევები
07.09.2022 13:02
როგორ დავეხმაროთ ბავშვს საბავშვო ბაღის გარემოში ადაპტაციის პროცესში
სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის წასვლა სერიოზული გამოწვევაა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვისაც. ამ დროს, ბავშვებს უწევთ ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან და უცხო ადამიანებთან, ამიტომ, მშობლის სწორი ჩართულობა ამ პროცესში, წარმატებული ადაპტაციის საწინდარია.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა უნდა გაითვალისწინოთ.
აუცილებლად ესტუმრეთ ბაღს სწავლის დაწყებამდე ბავშვთან ერთად, თუ შესაძლებელია, გააცანით მასწავლებელი ან უბრალოდ აჩვენეთ მისი ფოტო;

არ ისაუბროთ ბაღზე ნეგატიური წარმოდგენებით ბავშვის თანდასწრებით.

არ გაუმეოროთ ხშირად ისეთი ტიპის კითხვები როგორიცაა: ხომ არ ნერვიულობ? ხომ არ გეშინია? ხომ არ იტირებ? თუმცა, თუ ატყობთ, რომ ბავშვი ღელავს, არ უგულებელყოთ მისი ემოციები, უთხარით, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და აგრძნობინეთ, რომ თქვენ გესმით მისი.

ითამაშეთ როლური თამაშები სახლში, სადაც მასწავლებელი არის პიროვნება, რომელიც ბავშვისთვის სასურველი თვისებებით და ქცევებით გამოირჩევა. (მაგ. მხიარულია, ყურადღებიანია, ეხმარება და ზრუნავს ბავშვებზე);

თუ ბავშვი სახლში იკვებება ტელეფონის, ტელევიზორის თანხლებით, ბაღში მიყვანამდე დაიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ეკრანი საერთოდ ამოიღოთ კვების პროცესიდან.
წაუკითხეთ ბავშვს ბაღის თემატიკაზე შექმნილი მოთხრობები;

თუ ბავშვს ჰყავს უფროსი და-ძმა, სთხოვეთ, გაუზიარონ საკუთარი პოზიტიური გამოცდილება ბაღთან დაკავშირებით;
თუ გაქვთ შესაძლებლობა, წინასწარ გააცანით მისი მომავალი ჯგუფელები, გაასეირნეთ ერთად. ეს მას მომავალში დაეხმარება სოციალიზაციის პროცესში;

ბაღში შეყვანამდე, სასურველია, მშობლებმა ბავშვი დაუტოვონ მათთვის სანდო და საყვარელ ადამიანებს. უთხრან ბავშვს, რომ დედიკო და მამიკო საქმეზე მიდიან და მალე დაბრუნდებიან მასთან. პირველად შეიძლება 10 წუთი, შემდეგ 15 და ა.შ. ამით ბავშვი დარწმუნდება, რომ მშობლები ყოველთვის ბრუნდებიან.

ზოგადად, ბაღში მისვლამდე, საჭიროა, ბავშვი მიეჩვიოს დამოუკიდებლობას; (ადაპტური უნარები: საკუთარი ხელით ჭამა, ტუალეტის უნარის გამომუშავება და ა.შ.).

რამდენიმე დღით ადრე, ბავშვთან ერთად შეიძინეთ ნივთები, რომლებიც მას დასჭირდება ბაღში, თავად აარჩევინეთ ჩუსტები, ჩანთა, რომელსაც ატარებს და ა.შ.

ისაუბრეთ ბაღზე და ბავშვზე პოზიტიურ ჭრილში. მაგ.: „რა მაგარია, ბაღში მეგობრები გეყოლება და მათთან ერთად ითამაშებ“,
„შენ უკვე ისეთი დიდი ხარ, დედიკოს და მამიკოსავით სამსახურში დადიხარ ყოველდღე“,
„როგორ მომწონს შენი მასწავლებელი, როგორი მხიარულია და რამდენი კარგი თამაში იცის“ და ა.შ.
კვირის ამბები