რჩევები
05.09.2022 16:53
როგორ დავაკონსერვოთ სიმინდი ზამთრისთვის

ბევრი დიასახლისი, არასწორად დახუფვის და გაფუჭების შიშით ერიდება სიმინდის დაკონსერვებას და სალათების მომზადებისას, უპირატესობას, ქარხნულად დაკონსერვებული პროდუქტის ყიდვას ანიჭებს. მართალია, სიმინდის გაყინვაც შესაძლებელია, თუმცა, იგი მარინადში დაკონსერვებული გაცილებით გემრიელია.

სექტემბერი, სიმინდის დაკონსერვებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა.

გთავაზობთ, გამოცდილ რეცეპტს, რომლის მეშვეობითაც უგემრიელესი, ხრაშუნა და ხასხასა ფერის სიმინდი წლის ნებისმიერ დროს გექნებათ.

ამ რეცეპტისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ახალი, რძიანი სიმინდი, რადგან იგი გაცილებით მარტივად მოიხარშება (დაახლოებით 15-20 წუთში), თუმცა, შეგიძლიათ უკვე შემოსული ყვითელი სიმინდის გამოყენებაც, მაგრამ მას 1-1,5 საათი დასჭირდება მოსახარშად. მოცემული მარინადის რაოდენობა დაახლოებით 4 ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები მარინადისთვის

1 ლ. წყალი

30 გრ. მარილი

2 ს.კ. შაქარი

0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადების წესი

გაასუფთავეთ სიმინდი და მოათავსეთ ქვაბში. არ დაგავიწყდეთ ტაროსთვის გაფუჭებული ადგილების მოშორება, რადგან სწორედ ასეთი ნაწილები შემდგომში კონსერვის გაფუჭებას გამოიწვევს.

ქვაბში ჩალაგებულ სიმინდს დაასხით წყალი და მოხარშეთ. მოხარშული სიმინდი გადაიტანეთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში, გააცივეთ, შემდეგ კი გააცალკევეთ მისი ტარო და მარცვლები. ჩაყარეთ სიმინდის მარცვლები სუფთა, სტერილურ ქილებში.

მარინადის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ მარილი, შაქარი, ლიმონმჟავა და წყალი, მოურიეთ, დაადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.

მზა მარინადი დაასხით სიმინდით სავსე ქილებს, გაასტერილეთ 20-25 წუთის განმავლობაშიდა და დახუფეთ.

ქილები შეინახეთ გრილ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ აღწევს.

კვირის ამბები