რჩევები
23.08.2022 15:15
როგორ შევარჩიოთ სასკოლო ზურგჩანთა სწორად - პრაქტიკული რჩევები მშობლებს

სასწავლო წლის დაწყებამდე, დაახლოებით, სამი კვირა დარჩა, შესაბამისად, მშობლებს და მოსწავლეებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ მოსამზადებლად.

სასკოლო ზურგჩანთის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც არასწორად შერჩეულმა ჩანთამ, შესაძლოა, ბავშვის ფიზიკური განვითარებისას პრობლემა გამოიწვიოს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სასკოლო ზურგჩანთის შერჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნივთის ხარისხზე.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებსაც ზურგჩანთის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ:

ზომა - უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ასაკის, სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით ზუსტად უნდა განისაზღვროს ზურგჩანთის მისაღები ზომა. რა თქმა უნდა, უფრო ეკონომიური იქნება დიდი ჩანთის შეძენა, რომელსაც ბავშვი ორი-სამი წელი ატარებს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ეს რეკომენდებული არ არის.

სასურველია, ზურგჩანთა ბავშვის მხრებზე განიერი არ იყოს, ამასთან, ჩანთის ზედა ნაწილი კისრის ქვემოთ იყოს ფიქსირებული, ხოლო ქვედა წელზე ოდნავ დაბლა, თეძოებამდე სწვდებოდეს.

შეეცადეთ, ჩანთა რაც შეიძლება მსუბუქი იყოს, რადგან, პედიატრთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის თანახმად, ზურგჩანთის წონა შიგთავსიანად არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10%-ს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წიგნები საკმაოდ მძიმეა და პატარებმა ასევე, რვეულები, ფერადი ფანქრები და კონტეინერით საკვებიც უნდა ატარონ, სასურველია, ცარიელი ჩანთის წონა არ აღემატებოდეს 500-800 გრამს.

ფორმა - სასურველია, ზურგჩანთა მყარი იყოს, რომ წიგნების ჩაწყობისას ფორმა არ დაკარგოს. ასეთი ჩანთა წიგნებსაც დაიცავს დაზიანებისგან და არც ბავშვს შეერჭობა ზურგში ფანქრის წვერები. თუ თქვენს შვილს მეტისმეტად ბევრი წიგნის ტარება უწევს და ჩანთის წონა დასაშვებ ზღვარს აღემატება, მისთვის ბორბლიანი ჩანთის შეძენა ჯობს. ასეთ ჩანთებს დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფრო ხშირად ირჩევენ, უფრო მოზრდილებს იშვიათად მოსწონთ, თუმცა, ზურგის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო არჩევანია.

თუ ბორბლიანი ჩანთის შეძენას გადაწყვეტთ, მიაქციეთ ყურადღება სახელურის სიგრძეს. ის ბავშვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს. პატარას არ უნდა უწევდეს მოხრა, რომ მისწვდეს.

საზურგე - თუ ჩანთის კორპუსი მყარი არ არის, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ნაწილი მაინც, რომლიც ბავშვის ზურგს ეხება, შედარებით მკვრივი იყოს.

შეგიძლიათ შეარჩიოთ ზურგჩანთა, რომელსაც ორთოპედიული საზურგე აქვს - დრეკადი რბილი ფორმები შესანიშნავად იმეორებს ბავშვის ზურგის მოყვანილობას და, შესაბამისად, სიმძიმე არა მხოლოდ მხრებსა და წელზე, არამედ მთელ ზურგზე თანაბრად ნაწილდება, ხერხემალზე კი ნაკლები დატვირთვა მოდის.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ საზურგე, მით უფრო – ორთოპედიული, სასურველია, გარედან ბადისმაგვარი ნატურალური ქსოვილით იყოს დაფარული. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რათა ბავშვი ნაკლებად გაოფლიანდეს.

სამხრეები - სასურველია, ჩანთას ბრტყელი, რბილი და ელასტიკური სამხრეები ჰქონდეს, არანაკლებ 4-5 სანტიმეტრი სიგანისა. თუ სამხრეებს შიგნითა მხარეს ბადისმაგვარი ქსოვილი ექნება გადაკრული, მხრებს უკეთ მოეჭიდება და არ ისრიალებს. აუცილებელია, სამხრეების სიგრძე სპეციალური მექანიზმით რეგულირდებოდეს.

დამატებითი დეტალები - ჩანთის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის შიდა განყოფილებებსაც. ეს დეტალი არცთუ უმნიშვნელოა კომფორტის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მოხერხებულია გარეთა ჯიბე, რომელშიც წყლის ბოთლის ჩადება შეიძლება. ასე აღარც ჩანთის შიგთავსი დასველდება, თუ ბოთლიდან წყალმა გაჟონა.

ამასთან, ყურადღება მიაქციეთ ქსოვილსაც. ნატურალური და ბადისებრი ქსოვილი, სასურველია, ჩანთის იმ ნაწილზე იყოს გადაკრული, რომელიც უშუალოდ ბავშვის სხეულს ეხება, ხოლო ჩანთის მთლიანი კორპუსი სინთეტიკისა იყოს - ის უფრო იოლი მოსავლელია, უფრო გამძლეა და უფრო ადვილად იწმინდება. ამასთან, სასურველია, წყალგაუმტარიც იყოს, რომ წვიმაში წიგნები არ დასველდეს.

და ბოლოს, როცა ჩანთას ყველა ამ ტექნიკური კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩევთ, არ დაგავიწყდეთ, ბავშვს მისცეთ საშუალება, ჩანთის ფერი, გაფორმება, ნახატი თავად აირჩიოს.

კვირის ამბები