საინტერესო ამბები
19.08.2022 12:19
რატომ აკურთხებენ მართლმადიდებლები ფერისცვალების დღესასწაულზე ხილს - რა დატვირთვა აქვს ტრადიციას

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერიცვალების დღესასწაულზე, ყველა მოქმედ ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ ხილი იკურთხება. GMnews მოგითხრობთ, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია და რა დატვირთვა აქვს მას.

მოსავლის გარკვეული ნაწილი ეკლესიაში უძველესი დროიდან იწირებოდა. ეს იქნებოდა ხორბალი - რომელსაც სეფისკვერის გამოსაცხობად იყენებდნენ, ყურძენი - საბარძიმე ღვინის დასაყენებლად, ზეთი - კანდელისათვის თუ ცვილი - რომლისგანაც სანთელს ამზადებდნენ. ეს იყო სამადლობელი ღვთისა და შესაწირი ეკლესიისადმი.

ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს ტაძარში მიაქვს ხილი, რომელიც იკურთხება და მას სწირავენ ეკელსიას, ან ისევ სახლში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს, მადლობის ნიშნად, უფალს სწირავდნენ.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, უამრავი ტრადიცია დაიკარგა, ხალხმა კი, მათი მნიშვნელობა დაივიწყა, მაგრამ ფერისცვალების დღესასწაულზე ხილის კურთხევის ტრადიცია დღემდე შემორჩა. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, რომელსაც ამ დღესასწაულზე ვაკურთხებთ, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე შეგვიძლია.

ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია.

კვირის ამბები