ტურიზმი
17.06.2022 17:05
გორში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა დატურიზმის კიდევ ერთი საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა

გორში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, ამასთანავე, ამოქმედდა ტურიზმის კიდევ ერთი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც გორის ციხის მიმდებარედ, ლომჭაბუკის სკვერშია განთავსებული.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე აბელ აბესაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ბუნებრივია, რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მეტი ვიზიტორის და ტურისტის შემოსვლა, ამისთვის, შესაბამისი სამსახურები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტული სივრცე და საინტერესო სიახლე შევთავაზოთ ჩვენი რეგიონით დაინტერესებულ პირებს და შესაბამისად, მეტი ვიზიტორი შემოვიდეს შიდა ქართლის თითოეულ მუნიციპალიტეტში. გორში უკვე მეორე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ აბელ აბესაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა.

,,დღეს, გორში, კიდევ ერთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის. აღნიშნული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის პროექტის განხორციელება ევროკავშირის თანადაფინანსებით მოხდა. გორში რიგით მეორე ტურისტული ცენტრი ტურისტულ მომსახურებას კიდევ უფრო  გააძლიერებს მუნიციპალიტეტის ვიზიტორებისთვის, უფრო მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები დაიგეგმება, ამავდროულად, გაიზრდება მარშრუტების რაოდენობაც“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის დასაწყისამდე, ხუთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 59 537 ვიზიტორი სტუმრობდა, მათგან 43 728 - უცხოელი.

კვირის ამბები