კონფლიქტები
07.06.2022 11:56
მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე - ირაკლი ანთაძე

დღევანდელ შეხვედრაზეც მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რიგით 107-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის პარალელურად, დღევანდელ შეხვედრაზე, მთელი სიმწვავით იქნება დაყენებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი.

,,დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ასევე, ყურადღება დაეთმობა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი.

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, ეს ეხება უკანონო ბარიერების აღმართვას, ეს არის მეტალის კონსტრუქციები და ასევე ხდება ე.წ. ხნულების გავლება და რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ადრე აღმართული ბარიერების განახლების პროცესს, თუმცა, თითოეული ეს შემადგენელი, წარმოადგენს ერთიან კონტექსტს - ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება მთელი სიმწვავით დაყენებული. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ძირითადი ეპიცენტრები არის გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 7 უკანონო პატიმარი გვყავს, დანარჩენ დეტალებზე კი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ. ჩვენი ძალისხმევა არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაზე. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ფორმატის ყველა მონაწილესთან, ამაზე მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და იმედია მოხერხდება, რომ თითოეული მათგანი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კვირის ამბები