ტურიზმი
10.05.2022 16:27
რას წარადგენს გორის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება აქტიურად ემზადება ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით, Expo Batumi Travel 2022 - ზე გორის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამთვალიერებელს.
გორში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების, ღვინის მარნების, მუზეუმებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ამსახველ საინფორმაციო სტენდებთან ერთად, გამოფენილი იქნება ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე გორის ჭიქური კერამიკა. დაინტერესებულ ვიზიტორებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენს და თიხის მასტერკლასს გივი ტატულაშვილი ჩაუტარებს.
„გამოფენას ეყოლება ასობით დამთვალიერებელი, რითაც საშუალება გვეძლევა, პირადად გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები. მათთან შეხვედრა და შემდგომში კონტაქტების დამყარება დიდად უწყობს ხელს ჩვენს რეგიონში მეტი ტურისტის მოზიდვას.
გამოფენაზე, ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რეგიონისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდება ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები, რითაც ვიზუალურად წარმოდგენილი იქნება ესა თუ ის ტურისტული ბრენდები, ეს ყველფერი კი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი დამთვალიერებელი მოვიზიდოთ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას რობერტ მაღლაკელიძემ.
შეგახსენებთ, Expo Batumi Travel 2022, ორწლიანი პაუზის შემდეგ, 13 - 15 მაისს გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოური სასტუმრო აღჭურვილობის, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
კვირის ამბები