კონფლიქტები
09.05.2022 20:49
ცხინვალში უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს

ცხინვალში უკანონოდ გამართული ე.წ. ,,საპრეზიდენტო არჩევნები“ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ამგვარი ქმედებების და მათი შედეგების ლეგიტიმურობას.

„უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ცალსახად დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე.

ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორ-განზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ნიხასის“ ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცესკომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. აღნიშნული შედეგების მიხედვით, ე.წ. არჩევნებში პარტია ,,ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი 53,67 %-ით ლიდერობს, ანატოლი ბიბილოვს კი ხმა მისცა 41.3 %-მა.

ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა.

კვირის ამბები