კონფლიქტები
12.04.2022 13:27
ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ ბოლო ინფორმაცია უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ - ირაკლი ანთაძე

ცენტრალური ხელისუფლების, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა გახლავთ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 106-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით 106-ე შეხვედრა. განხილული იქნება წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. მთავარი ყურადღება დაეთმობა, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ბოლო ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ცენტრალური ხელისუფლების, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა გახლავთ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, რათა ისინი უახლოეს მომავალში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მედიასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ყოველთვის დგას ამ ფორმატის შეხვედრის დღის წესრიგში, ვინაიდან, ეს არის უკანონო აქტი და ყოველთვის არის აქტიური განხილვის საგანი.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 105-ე შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართა, ანთაძის ინფორმაციით, გასული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ბორდერიზაციის ერთი ფაქტი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში.

კვირის ამბები