რეგიონი
25.02.2022 11:40
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები არაერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.

სოფლების - ნიგოზას, ქვემო რენეს, ზემო რენესა და ჩობალაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. პროექტის მეორე ეტაპის დასრულება კი მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება, რაც სოფელ ნიგოზასა და ქვემო რენეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

,,ამჟამად მზადდება გზის საფუძველი, ეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები, ამის შემდეგ კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები და დაიგება ასფალტის საფარი. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. გარდა ამისა, უკვე დაიწყო სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ხუთივე სოფელში მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 2 700 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება.

კვირის ამბები