საინტერესო ამბები
10.02.2022 15:18
საგამოფენო დარბაზში „სამი ფიგურის“ უსახო ნახატს დაცვის თანამშრომელმა ორი წყვილი თვალი მიახატა

რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, ბორის ელცინის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში არსებულ საგამოფენო დარბაზში ანა ლეპორსკაიას ნახატების გამოფენაზე, დაცვის თანამშრომელმა უსახო ფიგურებს თვალები მიახატა. აღნიშნულის გამო 740 000 ფუნტის ღირებულების ნახატი განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება ვანდალიზმის მუხლით მიმდინარეობს და რუსული კანონმდებლობით, დამნაშავეს ჯარიმის სახით 74,9 მილიონი რუსული რუბლის გადახდა და ერთწლიანი გამოსასწორებელი შრომითი პატიმრობა ემუქრება. „ელცინის ცენტრში“ ადასტურებენ, რომ ნახატი დაცვის თანამშრომელმა დააზიანა, თუმცა, მის ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაცვის თანამშრომელს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა და ამ ფაქტის შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანა ლეპორსკაიას ნახატი ეკატერინბურგში მოსკოვის სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეიდან იყო გადატანილი, მაგრამ დაზიანების შემდეგ, ტილო კვლავ მოსკოვში გადაიტანეს და ამ ეტაპზე, ნახატის აღდგენა მიმდინარეობს.

გაურკვეველია რა ღირს ნახატი, თუმცა ის სადაზღვევო კომპანია Alfa-ში 740 000 ფუნტ სტერლინგადაა დაზღვეული.

მხატვარი ანა ლეპორსკაია 1900 წელს დაიბადა და 1982 წელს გარდაიცვალა, იგი ცნობილია, როგორც მხატვრული ფაიფურის ოსტატი. ტრეტიაკოვის გალერეის გარდა, მისი ნამუშევრები ფართოდ არის წარმოდგენილი რუსეთის მუზეუმის კოლექციაში.

კვირის ამბები