საინტერესო ამბები
24.01.2022 12:28
თუ გსურთ იტალიაში, ქალაქ სამბუკაში 1 წლით უფასოდ ცხოვრება მარტო ან მეგობართან ერთად, აუცილებლად შეავსეთ Airbnb-ს აპლიკაცია

იტალიის პატარა ქალაქებში, სადაც მოსახლეობის სულ უფრო მზარდი მიგრაცია შეინიშნება, ქალაქის გამოცოცხლებისა და მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნების მიზნით არაერთი კამპანია მოიფიქრეს, მათ შორის, სახლების ერთ ევროდ გაყიდვა, იმ პირობით, რომ ახალი მფლობელი აღნიშნულ ქალაქში დასახლდებოდა და სახლსაც შეაკეთებდა. ამ კამპანიამ შედეგი ბევრგან გამოიღო, ამჟამად კი, ბინების გაქირავების უმსხვილესმა კომპანია Airbnb-მა ახალი განაცხადი გააკეთა - იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სამბუკაში კომპანია მოხალისეს ეძებს, რომელიც სასტუმროში ერთი წელი უფასოდ იცხოვრებს და თან ტურისტებს მიიღებს.

Airbnb-ს მიერ შეძენილი სახლი უკვე გარემონტებულია და მზადაა ვიზიტორების მისაღებად. ამ აქციის მიზანიც სამბუკაში ტურიზმის გაძლიერებას ემსახურება.

სამბუკაში 6000-მდე მოსახლე ცხოვრობს, ქალაქი იტალიური და ჩრდილო-აფრიკული არქიტექტურის ნაზავია და ბევრი საინტერესო ადგილია.

შერჩეულ კანდიდატს უფლება აქვს თან მეწყვილე ან მეგობარი წაიყვანოს და იტალიაში ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ მასთან ერთად იცხოვროს და შემოსავალიც მიიღოს.

შერჩეული კანდიდატი სასტუმრო სახლში თავად აირჩევს საძინებელს, სადაც იცხოვრებს და პარალელურად, სახლის დანარჩენი ნაწილის Airbnb-ზე განთავსების და გაქირავების შემდეგ, შემოსავალსაც მიიღებს.

კომპანიის განცხადების მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, ვინც ფლობს ინგლისურ ან იტალიურ ენას.

თუ სრულწლოვანი ხართ და სიამოვნებით იცხოვრებდით იტალიაში უფასოდ, 19 თებერვლის ჩათვლით განაცხადის გაკეთება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია Airbnb-ის ვებ-გვერდზე.



კვირის ამბები