სამართალი
05.12.2019 17:49
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შსს-ს მიერ დაკავებული თერთმეტი პირიდან, GMnews-ის ინფორმაციით უმრავლესობა გორელია

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 11 პირი დააკავა. GMnews-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის უმრავლესობა გორელია.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანი გოგონების მშობლები და სკოლის პედაგოგი - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ მშობლებს ჩართული ჰყავდათ შვილები უკანონო პორნოგრაფიულ გადაღებებში. ასევე, გამოძიების შედეგად, გამოიკვეთა, რომ მშობლებს არასრულწლოვანი შვილები მიჰყავდათ თბილისში, აშშ-ის მოქალაქის მიერ ნაქირავებ ფართში, კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოგადაღების სტუდიაში. დამზადებულ ფოტო და ვიდეო მასალას კი, საზღვარგარეთ ასაღებდნენ. მშობლებთან ერთად, დანაშაულში მხილებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგიც, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს ბავშვების შერჩევაში და დანაშაულებრივი საქმიანობის  განხორციელებაში ეხმარებოდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები