ტყეში ცეცხლის დანთება და საქონლის ძოვება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესშია საუბარი.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო ტყეში ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები თუ ეს შესაძლებელია ტყის ფუნქციიდან ან ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე. ამასთან, ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ადგილებზე განთავსდება შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
რაც შეეხება ცეცხლის დანთებას და საპიკნიკე ლოკაციებს, ამავე ნორმატიული აქტის მიხედვით, გამოიყოფა ადგილები, სადაც შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიმდინარე წლის 10 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.