როგორ შევღებოთ სააღდგომო დეკორაციებისთვის კვერცხი სხვადასხვა ფერად ბუნებრივი საშუალებებით
სააღდგომოდ, კვერცხების შესაღებად ზოგი დიასახლისი ტრადიციულ და ბუნებრივ საღებავებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კი, ხელოვნური საღებავები ურჩევნია. ბუნებაში მღებავი თვისებების მატარებელი ბევრი მცენარე გვხვდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ენდროს ფესვებია, თუმცა, წითელთან ერთად, ბოლო პერიოდში, ბევრი ჩვენგანი სააღდგომო დეკორაციებისთვის კვერცხებს სხვადასხვა ფერადაც ღებავს. ამისთვის კი, სულაც არ არის საჭირო ქიმიური, ჯანმრთელობისთვის მავნე საღებავები გამოვიყენოთ. GMnews გასწავლით, როგორ უნდა შეღებოთ კვერცხი სხვადასხვა ფერად ბუნებრივი საშუალებებით.
გაითვალისწინეთ, რომ მოხარშვამდე ერთი საათით ადრე კვერცხები მაცივრიდან გამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ. მოხარშვამდე 15-20 წუთით ადრე კი, ცივ წყალში ჩააწყოთ. იმისთვის, რომ საღებავი კვერცხზე თანაბრად გადანაწილდეს და არ აჭრელდეს, კვერცხები გულდასმით უნდა გარეცხოთ.
რაც შეეხება ფერების მიღების ხერხებს, ჭარხლის წვენით ვარდისფერი შეფერილობის კვერცხს მიიღებთ. ლიმონის წვენი კვერცხს მოყვითალო შეფერილობას აძლევს, ფორთოხლის და სტაფილოს წვენი კი - მკვეთრად ყვითელს. ჭინჭრის ნაყენით კვერცხის მწვანედ შეღებვას შეძლებთ. ყავის ნახარში კვერცხს ღია მოყავისფრო შეფერილობას მისცემს.
ბუნებრივი საშუალებებით კვერცხის შესაღებად ქვაბში ჩაასხით ორი ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი და ბუნებრივი საღებავი (რაოდენობა შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ).
ნაყენი 10-15 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
ამის შემდეგ ჩააწყვეთ კვერცხები და ხარშეთ სასურველი შეფერილობის მიღებამდე. კვერცხების ხარშვა შესაძლებელია 15-დან 30 წუთამდე.
მკვეთრი შეფერილობის მისაღებად 15-30 წუთი ხარშვის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, მაგრამ კვერცხები არ ამოალაგოთ და მთელი ღამით ნახარშში დატოვეთ.