ქართული სამზარეულო ცნობილია გემრიელი კერძებით, თუმცა, ყველა კუთხე საკუთარი უნიკალური სამზარეულოთი გამოირჩევა.
შიდა ქართლის სამზარეულო განთქმულია წვნიანებითა და შეჭამანდებით. დღეს, შინდის შეჭამანდის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც შიდა ქართლში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
შინდი კენკროვანი ხილია და დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. შინდი, ასევე, შეიცავს პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.
შინდის შეჭამანდის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ: 1კგ. მწიფე შინდი, 3-4 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 კბილი ნიორი, 1 კონა ქინძი და პიტნა, 1-2 თავი ხახვი, მარილი და წიწაკა.
მომზადება: შინდს დავასხათ იმ რაოდენობის წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ, შემდეგ სახეხზე გავხეხოთ და დავუმატოთ თავისი წვენი. მიღებულ მასას შევურიოთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და დავდგათ ცეცხლზე. ხარშვისას ვურიოთ, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და დანაყილი ნიორი.