კონფლიქტები
04.11.2019 12:40
ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული თამარ გიგაური კვლავ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩება

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაური, რომელიც ახალგორში გუშინ დაშავდა, კვლავ ოკუპირებულ დაბაში რჩება. დაშავებული პედაგოგის ახლობლების თხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გიგაურს საშუალებას არ აძლევენ, რომ სამედიცინო სერვისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღოს. გიგაურის საკითხზე კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხების სახელმწუფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. „გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალბატონის საკითხზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მის  სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით - რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები, თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
თამარ გიგაური გუშინ, ახალგორში, დაახლოებით 7 მ. სიღრმის ჭაში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. 

კვირის ამბები