სპორტი
04.11.2019 12:15
დილამ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით ,,საბურთალო" დაამარცხა
გორის „დილამ“, 3 ნოემბერს, საშინაო არენაზე, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „საბურთალო“ დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
გორელებმა რთული თამაში ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე, მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით მოიგეს 2:0.
პირველი ტაიმი ორივე გუნდმა ფრთხილ ბურთაობაში ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრიდან უფრო მაღალი სათამაშო ტემპი ვიხილეთ და სახიფათო მომენტებმაც იმატა ორივე კართან. ერთ ეპიზოდში გორელთა გოლკიპერმა გიორგი ჩოჩიშვილმა ეფექტური ნახტომით ცხრიანიდან მოხსნა გიორგი კოხრეიძის მიერ დარტყმული ბურთი.
გატანა შეეძლო ,,დილას“ ლეგიონერ ალვინ ფორტესსაც, მაგრამ ახლო მანძილიდან სუსტად გაგზავნა ბურთი კარისკენ.
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ „დილა“ არ შეეგუა ბედს და მატჩის მიწურულს (87 წთ) ჯერ თენგიზ წიქარიძის მიერ ჩამოწოდებული კუთხურიდან თავური დარტყმით გია ჩადუნელმა გახსნა ანგარიში, შემდეგ მიკოლა კოვტალიუკმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე (90+3 წთ) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
კვირის ამბები