რჩევები
25.12.2020 13:32
როგორ ამოვიცნოთ ნატურალურია თუ ფალსიფიცირებული თაფლი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება საახალწლო სუფრისთვის პროდუქციის შერჩევის საკითხი.  რა კრიტერიუმებს უნდა  აკმაყოფილებდეს  როგორ უნდა შევარჩიოთ ჯანსაღი პროდუქტი. GMnews-ი ამჯერად გასწავლით როგორ ამოვიცნოთ ნატურალურია თუ ფალსიფიცირებული თაფლი?   

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრის დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

სამწუხაროდ, ბაზარზე საკმაოდ ხშირად იყიდება ფალსიფიცირებული თაფლი.  სასარგებლოა, ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას:

გამჭვირვალობა: თაფლის  სხვადასხვა ფერი შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვის – ქარვისფერი, იონჯისა – თითქმის უფერო, წაბლის – ყავისფერი). ნამდვილი თაფლი, თუკი მას დაწყებული არ აქვს ჩაშაქრება,  აუცილებლად გამჭვირვალეა (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება); თაფლი რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და თუ კარგად დავაკვირდებით შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.

არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არც ძალიან მძაფრი უნდა იყოს და არც – ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო ჰგავს შაქრიანი წყლის გემოს.

გემო: ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.

სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება – თაფლი ნატურალურია;

კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, მას კანი შეიწოვს. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა და კოშტების სახით რჩება თითებს შორის; ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა;

წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას დააწვეთებთ ქაღალდზე, არ წარმოქმის სველ ლაქას. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს; შეგიძლიათ ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია – დარბილდება.

გახსოვდეთ: თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ  იშვიათია, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა, გაზაფხულამდე თხევადი რჩება. თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან ფუტკარს შაქრის ვაჟინით კვებავდნენ. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ აქვს.

თაფლის შენახვა და მოხმარება:თაფლი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ მინის ან ემალირებულ თავდახურულ ჭურჭელში, რადგან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში თაფლი შეიძლება  წლების განმავლობაში შევინახოთ;

მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი;

არ შეიძლება თაფლის შენახვა მეტალის ჭურჭელში, ვინაიდან იგი რეაქციაში შედის და წარმოქმნის მომწამლავ მარილებს. პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში;

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;

ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40ºC) წყალში და დაელოდეთ.

სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლის სასარგებლო თვისებები ისპობა.

კვირის ამბები