„რასაც ვხვდები, ჩემი - არაპროფესიონალის დაკვირვებით, ინდივიდუალურ სახეობებში, ასე თუ ისე ნორმალურად მივდივართ, გუნდურ სახეობებში კი, გვიჭირს, რაც საუბრობს იმაზე, რომ მასობრივი სპორტი არის ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ზოგადად, მასობრივი სპორტი არა მხოლოდ პროფესიული სპორტის განვითარების საფუძველი, არამედ ქვეყნის და ახალგაზრდობის სიჯანსაღის მაჩვენებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ გორელ სპორტსმენებთან შეხვედრისას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტი, განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონში, თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა და კომპონენტია ახალგაზრდებისთვის. მთავრობის მეთაური სპორტის სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა და სპორტსმენების მხრიდან გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.
„შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონმებში სიარული დავიწყეთ ქართლით, რადგააც აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს, ასევე შემთხვევითი არ არის, რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, იმიტომ რომ ამ ქალაქს თავისი ისტორია, თავისი წარსული და თავისი ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველად პედაგოგებს შევხვდით, შემდეგ - ექიმებს და ახლა სპორტსმენებს, ამას აქვს მარტივი ახსნა - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ამის ყველაზე მარტივი განსახიერება ხართ თქვენ“, - აღნიშნა პრემიერმა.