ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობებისთვის გათვალსიწინებული ბოძები დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები მიიტანეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, შეიარაღებული პირები სწორედ იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც უკანონო სამუშაოებს რამდენიმე თვის წინ აწარმოებდნენ.
„ამ წუთებში, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დღეს გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ლითონის ბადეები მოიტანეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომა ადგილობრივ მოსახლეობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შეზღუდული აქვს და შესაბამისად, ამ ადგილზე ვერ გადაადგილდებოდნენ“, - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
ატოცის განაპირას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების კითხვაზე გორში მყოფმა პრემიერმა განაცხადა, რომ ოფიციალური კომენტარი სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში, სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება შესაბამისი კომენტარიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციას, უწყება ფაქტს ადასტურებს. სუს-ის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.