სამართალი
13.10.2019 17:40
ხაშურში, ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს გორის პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად  გორის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მას ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალში, რადგან მას მოკვლა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მას უნდოდა, შელაპარაკებიდან გამომდინარე, სხეულის დაზიანებები მიეყენებინა. რაც შეეხება შელაპარაკების მიზეზს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის მიზეზად ასახელებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც დიდ გავლენას ახდენდა შვილებზე, არასრულწლოვან შვილებზე, განსაკუთრებით გოგონაზე და აქედან გამომდინარე იყო ძირითადად მათი უთანხმოება. საუბარია მესამე პირზეც, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარას. ამ მესამე პირს დეკანოიძე ასახელებს და ამ პირის შესახებ გამოძიებისთვის ცნობილია. აღნიშნული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას თავი დაენებებინა ყოფილი ცოლისთვის, თავი დაენებებინა შვილებისთვის და როდესაც ირაკლი დეკანოიძე ტელეფონით ურეკავდა შვილებს, მას შვილების ტელეფონზე პასუხობდა უცხო მამაკაცი და ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, რომ შვილის ტელეფონზე რატომ უნდა ეპასუხა სხვა უცხო მამაკაცს და რომ ამ ყველაფერს შეიძლება სხვა მძიმე შედეგი მოჰქოლოდა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა.

ხაშურში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს

კვირის ამბები