სამართალი
02.07.2020 21:42
პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გორში, პოლიციის თანამშრომლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ. გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ ჰ.დ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ჰ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-ელ ივლისს,  ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დავით სვიანაძისგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პოლიციის თანამშრომელ სვიანაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. 

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

 

კვირის ამბები