კულტურა
12.10.2019 09:41
დავით დარბაიძის ,,ჩახუტება გორს“ - მე ამაყი ვარ, რომ ვარ მკვიდრი ამ საოცარი ქალაქის

გორელი ხელოვანი, პოეტი და მომღერალი, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე  დავით დარბაიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სახალხო დღესასწაულ ,,გორის დღე -2019“-ს ულოცავს საზოგადოებას და საკუთარ ლექსს აქვეყნებს.

,,გორობას გილოცავთ ყველა გორელს! მე ამაყი ვარ, რომ ვარ მკვიდრი ამ საოცარი ქალაქის და რომ მქვია კაცი - გორელი! ეს კი ჩემი ლექსი, რომელსაც დავარქვი - ჩახუტება გორს“, - წერს დავით დარბაიძე სოციალურ ქსელში.

მიბოძე ხელი, მინდა წლების ღარები ვთვალო,
მაჯა მომეცი, ვიგრძნო ფეთქვა კირთა და ქვათა,
გორო, ქარით და ჯვარმახვილა ბრძოლებით მთვრალო,
ვდგავარ ამაყი, მაგ სიძველის დიდების კართან.

რა მოხდა მერე, ჭრილობები თუ კვლავ ხმიანობს,
გყავს გორიჯვარი შუამავლად ცისა და მიწის,
რა დაგაბერებს, მუხლმაგარო, მკლავძარღვიანო,
ვიდრე დაისი ახალბაღთან ალისფრად იწვის.

ვიდრე გადგია გორის ციხე გვირგვინად ჟამთა,
და ქონგურებით წარსულიდან ცასთან ერთდები,
ვდგავარ ოქონის უხილავი სამრეკლოს ზართან,
იაკობივით ქვაში ვკვეთავ ანბანს ღმერთების

სხვაა დილის მზე, შენს ქუჩებში წლებს რომ აცოცხლებს.|
თითის წვერებზე აცეკვდება ლანდი ილიკოს,
გორული ვაზის აკინძული ქარვა და ცეცხლი,
საწნახელთან რომ მაყარივით ანცობს, ქილიკობს.

შენს სიდიადეს თვით სიკვდილიც ვერ გამყრის ისე,
მტკვარსა და ლიახვს როგრც ვერავინ გაყრის თავიდან,
მომეცი ხელი, გადავისხა მაჯიდან სისხლმზე
მარადისობა, მაგ ბებერი კაპილარიდან!

დ. დარბაიძე

კვირის ამბები