რეგიონი
16.06.2020 15:03
შიდა ქართლის ტურისტულ ინფრასტრუქტურას „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა

შიდა ქართლის ტურისტულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი განთავსების ობიექტი შეემატა. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს ხელშეწყობით აშენებული, სასტუმრო „მწერლები“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

20 ნომრიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმრო სოფელ ქვეიშხეთში მდებარეობს. Gmnews-ის ინფორმაციით, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს და ინვესტორს, აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს, 2 წლის განმავლობაში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაუფინანსებს. სასტუმროში, ამ ეტაპზე 30 ადამიანი დასაქმდა, თუმცა, სასტუმროს მენეჯმენტი სამომავლოდ 40-მდე ნომრის დამატებას და ადამიანური რესურსის გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების უმრავლესობა ადგილობრივია.

სასტუმრო „მწერლების“ გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯვანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორი მიხეილ ხიდურელი დაესწრნენ.

,,შიდა ქართლში მსგავსი დონის სასტუმრო პირველია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური თუ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ქვიშხეთში მდებარე სასტუმრო ,,მწერლები“ მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება ობიექტის ინფრასტრუქტურას, სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

ხელისუფლების წარმომადგენლების განაცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

კვირის ამბები