საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, 6-ვე ახალი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს. „ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ინფიცირების რამდენიმე წყაროს მოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 843 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 697 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 3 026 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.