პანდემიით შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა მიმდინარე პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დათვალიერებისას.
გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაციაა, სადაც დაგეგმილია კომპლექსის სრულად აღდგენა, ასევე, საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი მეზურნიშვილთან და სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.
,,რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე პროექტი ხორციელდება, ერთ-ერთი გახლავთ კასპის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ახალქალაქში უკვე დაიწყო ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაციის და ტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, წლის ბოლომდე დასრულდება და რეგიონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი შეემატება“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.