რეგიონი
27.05.2020 09:38
შიდა ქართლში ორას სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დასრულდა. რას მოიცავს 4, 272, 794, 87 ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი

კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე - შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა.

ახალი პროფესიული კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ორას სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი თანამედროვე შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4,272,794.87 ლარს შეადგენს.

სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარის ხელმძღვანელობითა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გამოიკვეთა რიგი პროფესიული პროგრამები, რომელთა სწავლება კოლეჯში დაინერგება: ელექტროშედუღება, ხარატი, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ მემანქანე, ვეტერინარია, ტრაქტორისტ მემანქანე, მებაღე, მეხილე და ა.შ.

2020 წლის შემოდგომიდან კოლეჯი პირველ სტუდენტებს მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მიღებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს, პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ: www.vet.emis.ge

კვირის ამბები