
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში კლდეში ნაკვეთი კომპლექსის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა და თანამშრომლებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად ძეგლზე ჩასატარებელი ფართომასშტაბიანი მულტიდისციპლინური კვლევების საჭიროება განიხილეს. ამასთან, ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც კომპლექსის მართვასა და მოვლა-პატრონობას უკავშირდება.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის სისტემატური მონიტორინგი, კვლევითი სამუშაოები და კრიტიკული უბნების კონსერვაცია პრიორიტეტია. აღნიშნული ღონისძიებები კი მიზნად ისახავს როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პირვანდელი სახით შენარჩუნებას, ისე დამთვალიერებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლის მონიტორინგს წლებია, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 2019 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევა. სააგენტო კვლავ გეგმავს ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარებას კლდის ქანების კონსერვაციის, დაზიანებული უბნების გამოვლენისა და აღდგენისთვის. ამ ეტაპზე ძეგლზე მდგომარეობა სტაბილურია და, შესაბამისად, ვიზიტორთა გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა“, - აღნიშნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კვიციანმა.
ძვ. წ. II–I ათასწლეულებით დათარიღებული უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლია. თავისი მასშტაბურობითა და უნიკალურობით იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ადგილობრივი და უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს.