
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყანაში მექანიზაციის დონის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება. სოფლის განვითარების სააგენტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებს ელექტრონული ფორმით 8 დეკემბრიდან მიიღებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არანაკლებ 20 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი სხვა ტექნიკის შეძენა (გარდა მოტობლოკებისა).
პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: არანაკლებ 2 ჰექტარი – ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ხოლო არანაკლებ 10 ჰექტარი – ყურძნის, მარცვლეულისა და სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინის თანადაფინანსების შემთხვევაში.
„პროექტით სარგებლობისთვის, მიწის ნაკვეთი დადგენილების ამოქმედებამდე უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში, ან მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან გრძელვადიანი იჯარით. ამასთან, საკუთრების და იჯარის უფლება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის დარჩენილი ვადა არანაკლებ 5 წელს უნდა შეადგენდეს.
თანადაფინანსება ტექნიკის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს შეადგენს. თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისა და შესაძენი ტექნიკის სახეობის მიხედვით: 2-დან 10 ჰექტრის ჩათვლით მიწის ფართობის შემთხვევაში - 75 000 ლარით, ხოლო 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის შემთხვევაში - 150 000 ლარით. ყურძნის, მარცვლეულის ან სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 300 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნავენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
პროგრამით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირები და რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო წილს, პაის ან აქციას არ ფლობს.
დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და წარმოებული უნდა იყოს პროგრამაში განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე.
პროგრამის ბენეფიციარებს, ასევე შეეძლებათ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის“ ქვეკომპონენტით.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.