საინტერესო ამბები
25.11.2026 16:38
ყავის მოყვარულთა გლობალურ რეიტინგში საქართველო 78-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყოველდღიურად ორ მილიარდზე მეტი ფინჯანი ყავა ისმევა. გლობალურ სტატისტიკაში თავისი მოკრძალებული, მაგრამ მზარდი ადგილი საქართველოსაც უჭირავს. ყავის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 78-ე პოზიციაზეა. ერთი შეხედვით, ასეულის ბოლოსკენ ყოფნა შესაძლოა ჩამორჩენად მოგვეჩვენოს, თუმცა ეს მხოლოდ მოსახლეობის სიმცირით აიხსნება.

თუ ციფრებს ერთ სულ მოსახლეზე გადავიყვანთ, სურათი ბევრად საინტერესო გახდება. საქართველოში თითოეული ადამიანი წელიწადში საშუალოდ 2.5-დან 3 კილოგრამამდე ყავას მოიხმარს, რაც რეგიონის მასშტაბით საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ნამდვილ „ყავის ჩემპიონებთან“ შედარებით ესეც ზღვაში წვეთია. სკანდინავიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ფინეთში, ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით, 12 კილოგრამ ყავას მიირთმევს, რაც დღეში საშუალოდ ოთხ-ხუთ ფინჯანს უდრის.

საერთო მოცემულობით კი პირველობას ისეთი გიგანტები იყოფენ, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, გერმანია და იაპონია არიან.

და ბოლოს, ისევ საქართველო, ბოლო წლებში ჩვენთან ყავის სმის კულტურა საგრძნობლად შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას სწრაფად მოსამზადებელ, ხსნად ყავას ანიჭებდა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ახლად მოხალულ მარცვალს.

ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყავა ინდონეზიიდან, ვიეტნამიდან, რუსეთიდან და იტალიიდან შემოდის, მოთხოვნა კი ყოველწლიურად იზრდება.

 

კვირის ამბები