საზოგადოება
25.11.2026 15:08
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი 78 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის ცნობით, მღვდელმთავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

„ღვთივგანისვენა საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიტროპოლიტი აბრაამი (ერში ამირან გარმელია)  1948 წლის 15 ნოემბერს დაიბადა. 1992 წლის 25 დეკემბერს დაასხეს ხელი ეპისკოპოსად. 1998 წელს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, 2000 წელს - მიტროპოლიტის წოდება. 2008 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

მეუფე აბრაამი სხვადასხვა დროს  ნიკორწმინდის, საგარეჯოსა და გურჯაანის, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიებს მართავდა. 2002 წლიდან გარდაცვალებამდე დასავლეთ ევროპის ეპარქიას უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში საზღვარგარეთ დაარსებული პირველი ეპარქიის - დასავლეთ ევროპის ეპარქიის პირველი მმართველი მღვდელმთავარი იყო.

1993-2003 წლებში ეკავა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის პოზიცია. 1995-2002 წლებში კი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას თავმჯდომარეობდა.

2026 წლის 12 მაისს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელთან ერთად, საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

კვირის ამბები