
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და 4 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზეა - https: //geoexam.naec.ge/ შესაძლებელი და რეგისტრაციის საფასური 50 ლარს შეადგენს. სარეგისტრაციო გვერდზე კი სავალდებულოა ყველა ველის შევსება; ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა. განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში გამოსაცდელი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს.
„თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 4 დეკემბრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს გამოსაცდელის სპეციალურ საჭიროებებს იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საჭიროება პირს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვა.
პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ, 7 დეკემბრის 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.
რაც შეეხება გამოცდას, სახელმწიფო ენის გამოცდები (A1-A2 და B1-B2) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მომზადდა. გამოცდის ჩაბარება ნებაყოფლობითია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოცდის მიზანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება.
სახელმწიფო ენის გამოცდა ამოწმებს ოთხ კომპეტენციას: მოსმენას, კითხვას, წერასა და ლაპარაკს. ჩატარდება ორი ტესტირება: ერთი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2, ხოლო მეორე – B1 და B2 დონეებს. A1-A2 და B1-B2 დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს გამოსაცდელი შესაბამის ტესტირებაზე.
უსინათლო გამოსაცდელებისთვის გათვალისწინებული იქნება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
გამოცდის ზუსტი თარიღი და დრო მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
სახელმწიფო ენის გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ელიზბარ მინდელის ქუჩა №9) ჩატარდება. გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს.