საზოგადოება
24.11.2026 16:47
ნოემბერი პროსტატის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა - რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა

ნოემბერი პროსტატის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. მამაკაცთა ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამ პერიოდში  განსაკუთრებული ყურადღება პროსტატის კიბოს პრევენციას, ადრეულ გამოვლენას და დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეთმობა.

მედიკოსთა თქმით, პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ხშირად ნელა პროგრესირებს და საწყის ეტაპზე შესაძლოა, სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს. დაავადების განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და მათ, ვისაც ოჯახის წევრს პროსტატის კიბო ჰქონია.

„პროსტატის კიბო  წინამდებარე ჯირკვალში ვითარდება, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია. დაავადება ხშირად ნელა პროგრესირებს და საწყის ეტაპზე შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს. დაავადების ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო სკრინინგპროგრამა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) გამოკვლევას უფასოდ ითვალისწინებს.

პროსტატის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის მთავარი გზავნილია, რომ მამაკაცებმა არ უგულებელყონ ჯანმრთელობის ცვლილებები და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს. ადრეული გამოვლენა მკურნალობის შესაძლებლობებს ზრდის“, - აცხადებენ მედიკოსები.

ცნობისთვის, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს პროსტატის კიბოს დაახლოებით 1 090 ახალი შემთხვევა შეფასდა. ეს მამაკაცებში გამოვლენილი კიბოს შემთხვევების 15%-ს შეადგენდა და გავრცელების მიხედვით, ფილტვის კიბოს შემდეგ, მეორე ადგილზე იყო.

კვირის ამბები