
გორის თეატრს აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა.
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 26 ნოემბერს, ჭიათურელი მსახიობები სპექტაკლს სახელწოდებით - „მონატრება“ ითამაშებენ.
პიესის ავტორი, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გიორგი(გოგა) თავაძეა.
წარმოდგენაზე დასასწრებად დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი: 10+.
„სპექტაკლი ეძღვნება ყველაზე წმინდა და ფაქიზ გრძნობას, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს - მშობლიური მიწის, ფესვების, ბავშვობის და იმ ადამიანების მიმართ მონატრებას, ვინც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ნოდარ დუმბაძის ბუმბერაზი პროზა რეჟისორ გოგა თავაძის ხელით სცენაზე ცოცხლდება, როგორც ემოციური და გულწრფელი დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის. სპექტაკლში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს დუმბაძისეული თბილი იუმორი, ფილოსოფიური სიღრმე და გამჭვირვალე სევდა. ეს არის ამბავი ადამიანურ სიკეთეზე, სულიერ კავშირებსა და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულზე, სადაც თითოეული მაყურებელი საკუთარ თავსა და მონატრებას აღმოაჩენს“, - აღნიშნავენ ჭიათურის თეატრში.
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა უკვე შეუძლიათ თეატრის სალაროში ტელეფონის შემდეგი ნომრების მეშვეობით: 0370 27 79 32; 577 390 350.