
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეიდან, 24 ნოემბრიდან დაიწყო და 27 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულად ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი განრიგის მიხედვით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათთვის ხელსაყრელ დროს ტესტირება დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან გაიარონ.
რაც შეეხება ოლიმპიადის დეტალურ განრიგს,
24 ნოემბერს ტესტირება ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის და ფიზიკაში.
25 ნოემბერს - მათემატიკაში, გეოგრაფიასა და ქიმიაში.
26 ნოემბერს - ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში.
27 ნოემბერს - ისტორიაში, ბიოლოგიასა და რუსულ ენაში.
„მეორე ტურში გადადის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია როგორც თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასი).
ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური კი საგამოცდო ცენტრებში გაიმართება.