საზოგადოება
19.11.2026 16:59
ბავშვებზე ზრუნვაში გატარებული ნახევარი საუკუნე - ზეღდულეთის საბავშო ბაღიდან ღვაწლმოსილი აღმზრდელი გააცილეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი აღმზრდელის - ლიმერი ტაბატაძის გაცილების ღონისძიება გაიმართა.

48-წლიანი პროფესიული საქმიანობის დასრულება დამსახურებულ პედაგოგს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. სტუმრებმა აღმზრდელს ღირსეული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„ქალბატონმა ლიმერმა თავისი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი - 48 წელი,   ზეღდულეთის საბავშვო ბაღს მიუძღვნა. სკოლამდელი აღზრდის სფეროში კი მისი საერთო სამუშაო გამოცდილება 50 წელს ითვლის.

ბავშვებზე ზრუნვაში გატარებული ნახევარი საუკუნე, არაერთი თაობის აღზრდა და მათთვის სითბოს და სიყვარულის გაზიარება - ეს არის პროფესიული გზა, რომელიც პატივისცემასა და დაფასებას ნამდვილად იმსახურებს“, - აღნიშნა გიორგი შათირიშვილმა.

კვირის ამბები