საზოგადოება
19.11.2026 15:59
„ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მოქმედება“ – მსოფლიო კვირეული ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაიწყო

ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული დაიწყო და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თარიღი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2015 წლიდან აღინიშნება. მიზანი კი ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი წარმოქმნა-გავრცელების პრევენციაა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები მათ საწინააღმდეგო მედიკამენტებზე აღარ რეაგირებენ. შედეგად, ინფექციების მკურნალობა რთულდება, ზოგჯერ კი შეუძლებელი ხდება. იზრდება ინფექციის გავრცელების, მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის რისკი.

2026 წლის კამპანიის გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მოქმედება, თავიდან ავიცილოთ ანტიმიკრობული რეზისტენტობა ახლავე!“. კამპანიის მიზანია ადამიანის, ცხოველის, მცენარისა და გარემოს ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს კავშირში და რეზისტენტობის პრევენციისთვის, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის ერთობლივი მოქმედება.

ანტიმიკრობული რეზისტენტობის სახეებს შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა. ამ დროს, ბაქტერიებზე მათ სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკები ეფექტიანად ვეღარ მოქმედებს.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს შორის. ამიტომ ანტიმიკრობული მედიკამენტების პასუხისმგებლობით გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც ადამიანის მკურნალობაში, ისე ვეტერინარიასა და სოფლის მეურნეობაში.

ამიტომ მედიკოსთა რეკომენდაცია ასეთია:

მიიღეთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;

ნუ მოითხოვთ ანტიბიოტიკს გრიპისა და გაციების დროს, ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს;

არ გაუზიაროთ ანტიბიოტიკი სხვას და არ გამოიყენოთ წინა მკურნალობიდან დარჩენილი პრეპარატი თვითმკურნალობისთვის;

რეგულარულად დაიბანეთ ხელები და ჩაიტარეთ რეკომენდებული აცრები;

დაიცავით საკვების უსაფრთხოების წესები. საკვების მომზადებისას დაიცავით სისუფთავე, განცალკევებით შეინახეთ უმი და მზა პროდუქტები და საკვები სათანადოდ დაამუშავეთ თერმულად;

ცხოველს ანტიბიოტიკი მიეცით მხოლოდ ვეტერინარის დანიშნულებით.

„საქართველოში დამტკიცებულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა.

2024–2030 წლების ეროვნული სტრატეგიის თანახმად, ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ბაქტერიოლოგიური კვლევების არასაკმარისი გამოყენება და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების საჭიროება. ამ გამოწვევების საპასუხოდ სტრატეგია ითვალისწინებს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაძლიერებას, ანტიბიოტიკების დანიშვნისა და გაცემის მონიტორინგს, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განათლებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას,“- აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

კვირის ამბები