საზოგადოება
19.11.2026 15:53
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებისთვის ხვალ საცდელი ტესტირება ჩატარდება

2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველ მოსწავლეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს, საცდელი ტესტირება ონლაინ რეჟიმში გაიაროს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საცდელი ტესტირების მეშვეობით მოსწავლე წინასწარ გაეცნობა იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას.

საცდელი ტესტირების გავლა კი შესაძლებელია ვებგვერდზე: https://olimp-test.naec.ge 20 ნოემბრის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე (ბმული გააქტიურდება საცდელი ტესტირების დღეს). დღის ამ მონაკვეთში მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერი კომპიუტერიდან შევიდეს შესაბამის გვერდზე, პირადი ნომრის და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს „საცდელი ტესტირება“ და შეასრულოს დავალებები (სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge).

„ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული: https://olimp-test.naec.ge

რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციას, ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“.

მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“ და აჭერს ღილაკს - „შესვლა“.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს დაავიწყდა პაროლი, შეუძლია გამოიყენოს ღილაკი „პაროლის აღდგენა“ და რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე მიიღებს განახლებულ კოდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს ახალი პაროლის შექმნას.

ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლეს გამოუჩნდება საკუთარი სახელი, გვარი და ტესტი („საცდელი ტესტირება“). თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, საჭიროა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს პირადი ნომერი.

თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა.

თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, სხვა შემთხვევაში პროგრამა არ შემოგთავაზებთ მომდევნო დავალებას).

საცდელი ტესტირებისათვის განსაზღვრულია დრო (1 საათი). კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება საათი, რომელიც აჩვენებს ტესტირებისათვის დარჩენილ წუთებს.

გაითვალისწინეთ: სისტემიდან გამოსვლის შემთხვევაში პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან. პირადი ნომრის და პაროლის შეყვანის შემდეგ, პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.

ტექნიკური შეფერხების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია დაუკავშირდეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2473333“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

 

კვირის ამბები