რეგიონი
28.04.2020 16:10
სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც 13 აპრილიდან საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა, დღეიდან აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა ხიდისყურში ყოფნისას განაცხადა, რომ სოფელში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე სკრინინგის პირობებში, არც ერთი დამატებითი შემთხვევა აღარ დადასტურებულა.

„მას შემდეგ, რაც არსებული ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, სოფელი ჩაკეტილი იყო. ადგილზე კონტროლს საპოლიციო ძალები უზრუნველყოფდა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქ მცხოვრებთა სკრინინგი. პირველი ორი ინფიცირებულის გარდა, არც ერთი შემთხვევა აღარ დადასტურებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მონიტორინგისას, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით ეპიდემიოლოგებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე და ცენტრალურ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედ საგანგებო მდგომარეობას, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათს, ისევე როგორც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, აღნიშნული შეზღუდვები ხიდისყურშიც კვლავ მოქმედებს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები