
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 111 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული სინჯები (ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 ერთეული სინჯი) შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმეს და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ 14 ნიმუში. ბენზინის 2 ნიმუშში ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების, ასევე ეთერების მოცულობითი წილის ნორმიდან გადაჭარბება დაფიქსირდა.
„სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შედგა. ჯარიმების ოდენობა კი დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია.
საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. აღსანიშნავია, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, საწვავში ბოლო წლებში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მომდევნო წელსაც შეამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.